13 სექტემბერი 2026,   23:05
ვრცლად
"პირდაპირი შეტევა უსაფრთხოებაზე" - თალაკვაძე ოკუპანტების მიერ მონიტორების უკანონო დაკავებაზე ევროკავშირის მკაცრ რეაგირებას ელოდება

ოკუპანტების მიერ სოფელ წნელისთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავებას საქართველოს პარლამენტში გამოეხმაურნენ. დეპუტატების განცხადებით, ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ მკაცრად იქნას დაგმობილი ეს ინციდენტი. მათი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ მოსკოვს მსგავსი ფაქტების აღკვეთისკენ უნდა მოუწოდოს.

ოპოზიციის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ევროპელი მონიტორების უკანონო დაკავება ოფიციალური თბილისის პოლიტიკური სისუსტის შედეგია.

"რუსეთის ფედერაციას უნდა მოსთხოვონ იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც მან აიღო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. არათუ დაკავება ე.წ საოკუპაციო ხაზთან, არამედ დაუბრკოლებლად უნდა გადაადგილდებოდნენ მონიტორები. ეს სიგნალია როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელმაც უნდა გაააქტიუროს თავისი მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე და აქტუალური გახადოს ეს საკითხი, ასევე არის გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ მათაც მკვეთრი ნაბიჯები გადადგან დიპლომატიურ ფრონტზე რუსეთის ამგვარი ქმედებების შესაკავებლად," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ.

ევროკავშირის მხრიდან მკაცრ გამოხმაურებას ელოდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძის თქმით, კიდევ უფრო აქტიურად უნდა დადგეს საკითხი, რომ ევროკავშირი და საერთაშორისო მისიები ზოგადად იყოს დაშვებული ოკუპირებულ რეგიონებში:

"ეს არის პირდაპირი შეტევა უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო მექანიზმზე, რომელიც უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორია ამ რეგიონში და საქართველოში. მე ვფიქრობ, ამას ძალიან მკაცრი გამოხმაურება უნდა მოჰყვეს ევროკავშირის მხრიდან და ეს არის ის მომენტი, როდესაც კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო აქტიურად უნდა დადგეს საკითხი, რომ ევროკავშირი და საერთაშორისო მისიები ზოგადად იყოს დაშვებული ოკუპირებულ რეგიონებში და არა მხოლოდ საოკუპაციო ზოლის გასწვრივ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები