18 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
ამერიკული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე - გავლენიანი ამერიკელი ანალიტიკოსის ინიციატივა

ამერიკული ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდეს - ასე გამოეხმაურა ტრამპის გადაწყვეტილებას სირიიდან ჯარის გაყვანის თაობაზე ჰერიტეჯის ფონდის გავლენიანი მკვლევარი.

ლუკ კოფმა მოსაზრება ტვიტერის საკუთარ გვერდზე გააჟღერა. როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილებით ამერიკა უფრო საიმედო პარტნიორის ხელში აღმოჩნდება, ვიდრე ერაყია. ლუკ კოფის თქმით, სამხედრო ბაზა ახალქალაქში, ძველი რუსული ბაზის ტერიტორიაზე, უნდა განთავსდეს, რაც ქალაქ რაქიდან 740 კილომეტრით არის დაშორებული.

გავლენიანი ამერიკელი მკვლევარის განცხადებას კრიტიკულად შეხვდა ოფიციალური თბილისი. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა კომენტირება ექსპერტებს დაავალეს.

ექსპერტები საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. მათი განცხადებით, აუცილებელია, ლუკ კოფის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა პირველი ნაბიჯი გადადგას და ამერიკელ პარტნიორებთან აქტიური მოლაპარაკება დაიწყოს.

მკვლევარები გავლენიან ამერიკელ კოლეგაზე იხსენებენ, რომ ლუკ კოფი ყოველთვის პირველია, ვინც საქართველოს ინტერესებს ამერიკასა და ევროპაში აჟღერებს. ექსპერტების ნაწილი ლუკ კოფის ინიციატივიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, უკვე წლებია, ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ლუკ კოფიმ ახალი იდეა საქართველოს პრობლემების დასაძლევად შესთავაზა. თუმცა თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ხელისუფლება მსგავსვი ნაბიჯის გადადგმას ვერ გაბედავს. კოლეგის პოზიციას იზიარებს დიმიტრი შაშკინიც.

როგორც საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, აუცილებელია ამერიკელი მკვლევარის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სამუშაოები მაგიდას მიუსხდეს და საქმის აქტიურად განხილვა დაიწყოს.

პროდასავლური ძალებისგან განსხვავებით, ამერიკული ბაზის საქართველოში განთავსებაში საფრთხეს ხედავს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ახალ კონფლიქტურ ზონებს შექმნის.

ამერიკული კონსერვატიული ორგანიზაციის, ჰერიტიჯის ფონდის ანალიტიკოსმა დღეს ტვიტერზე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. კულ კოფიმ განმარტა, რომ ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაფუჭებას არ გამოიწვევს, მისივე თქმით, ვინც მსგავს განცხადებას აკეთეს, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას არ იცნობს. ასევე აღნიშნა, რომ მისი შეთავაზება  ოფიციალურ ვაშინგტონში არ განხილულა.

ლუკ კოფი პირველი იყო, ვინც გასულ წელს საქართველოს ალიანსში დაჩქარებული წესით მიღების თაობაზე იდეა გააჟღერა. ეს შეთავაზება 2 თვის წინ საქართველოში ჩამოსულმა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმაც გაახმოვანა.  ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ახალქალაქში ამერიკული ჯარების განთავსების იდეა რეალობად იქცა, ქვეყნის უსაფრთხოების გარდა გაძლიერდება ადგილობრივი ეკონომიკური მდგომარეობაც.

დღის ამბები