საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს დილიდან სამ მუნიციპალიტეტში. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში შუალედურ არჩევნებზე სამი კანდიდატი მონაწილეობს, აფენელებს საკრებულოში წარმომადგენლის შესაყვანად არჩევანის გაკეთება "ქართული ოცნების", "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატებს შორის მოუწევთ.
"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, ხელისუფლება ცდილობს არჩევნები ადმინსტრაციული რესურსის გამოყენებით მოიგოს. ოპოზიციის ბრალდებებს "ქართულ ოცნებაში" პასუხებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი მხრიდან კანონდარღვევა არ ხდება.
საკრებულოს შუალედური არჩევნები დღეს ადიგენის რაიონშიც იმართება. ლაგოდეხელებისგან განსხვავებით არალის თემის მცხოვრებლებს არჩევანის გაკეთება მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატზე შეუძლიათ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოპოვებული წარმატების მიუხედავდ ადიგენში კანდიდატის დაყენება საჭიროდ არ ჩათვალეს.
მარტვილში, კიწიის თემში მხოლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატი მონაწილეობს.
საქართველოს სამ რეგიონში მიმდინარე საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, მონიტორინგს 10 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი უწევს. "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ინფორმაციით“, არჩევნები ზოგადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა ლაგოდეხში პროცედურული ხასიათის რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. ორგანიზაციითინფორმაციით, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან კოორდინატორები, რაც მათი შეფასებით, საარჩევნო პროცესზე ნეგატიურად აისახება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12 საათიანი მონაცემებით, მოქალაქეთა აქტივობა ლაგოდეხში - 20.5 %, ადიგენში - 20.8- % , ხოლო მარტვილში ამომრჩეველთა 16.8 %-ია. ცესკოს სპიკერის განცხადებით, პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
შუალედური არჩევნები ადიგენში, ლაგოდეხსა და მარტვილში 7 საარჩევნო უბანზე იმართება. საკრებულოში საკუთარ წარმომადგენელს სამივე თემში 6798 მოქალაქემ უნდა აირჩიოს.