20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახა ღავთაძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღესვე პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება აღიარა გოგი ქურდოვანიძემაც, რომლის საქმეც ცალკე წარმოებად გამოიყო.
20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. კახა ღავთაძე, რომელმაც ბრალი აღიარა, დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. შემდგომ უკვე ადვოკატმა 2 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა. რაც შეეხება თავად კახა ღავთაძეს, დარბაზის დატოვების შემდეგ არც მან და არც მისმა ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
საქმის პროკურორის, გიორგი მუკბანიანის თქმით, კახა ღავთაძე საქმეში არსებულ მტკიცებულებებს სადავოდ არ ხდის, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოიკლო გარკვეულმა საფრთხეებმა, რაც საფუძვლად დაედო აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარეც დაეთანხმა.
ივნისის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა გოგი ქურდოვანიძემაც აღიარა დანაშაული. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, მორის მაჩალიკაშვილისა და ასევე ბეჟან ლორთქიფანიძის საქმე ცალკე წარმოებაში გადავიდა. სასამართლო პროცესი 4 ნოემბერს ჩაინიშნა, სადაც უკვე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან და მტკიცებულებების განხილვა მოხდება.
როგორც ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, პატიმრობა მხოლოდ იმიტომ არის გამოყენებული, რომ ამ პირებზე პატიმრობით ზეწოლა და შემდგომ უკვე ამ პირების მხრიდან ბრალის აღიარება მოხდეს.
თემირლან მაჩალიკაშვილის დედის თქმით, თუ უკანონო ქმედება აქვს ჩადენილი მორის მაჩალიკაშვილს, მან ბრალი უნდა აღიაროს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მედიკო მარგოშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილი უდანაშაულოა.
შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის საქმეზე ამ დროისთვის 8 ბრალდებულმა ბრალი აღიარა.