ბრიტანეთის ვიზა 5 ათასი ევროს სანაცვლოდ. "კურიერმა" დღეს მასშტაბური თაღლითური სქემის დეტალები გაარკვია. თბილისში მოქმედებდა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ცოლ-ქმარი ხელმძღვანელობდა.
წყვილი თავს ძალოვანი უწყების წარმომადგენლად აცხადებდა, მოქალაქეებს ევროპაში დასაქმებას ჰპირდებოდა და მოტყუებით ფულს სძალავდა.
მამუკა პაპასკირი იხსენებს, როგორ გადაუხადა თაღლით ცოლ-ქმარს ბრიტანეთის ვიზის, სამუშაო ადგილისა და საცხოვრებელი ბინის მისაღებად რამდენიმე ათასი ევრო. მამაკაცი ყვება, რომ მისი და, და მეუღლე ბრიტანეთში თამარ ავალიშვილსა და მის ქმარს კახა ტყემალაძეს უნდა წაეყვანათ და დამლაგებლად მუშაობა უნდა დაეწყოთ. ამისთვის ოჯახს ერთ ადამიანზე 5400 ევრო და 1200 ლარი უნდა გადაეხადა. პირველ ეტაპზე მათ მხოლოდ 300 ევრო გადაიხადეს.
თაღლითური სქემის მსხვერპლი 6 ადამიანია. ყოველმა მათგანმა თანხის ნაწილი თაღლით ცოლ-ქმარს გადაუხადა, შემდეგ კი თვეების განმავლობაში ფრენას უშედეგოდ ელოდებოდნენ.
ცოლ-ქმარი მოლაპარაკების დროს გოჩა გელოვანს ასახელებდნენ და ამბობდნენ რომ ის ყველა ყალბი საბუთის მომზადებას უპრობლემოდ შეძლებდა, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო. ამ შინაარსის აუდიო ჩანაწერი საქმეშიც დევს, რომელიც ერთ-ერთმა დაზარალებულმა წარადგინა. სინამდვილეში გოჩა გელოვანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია, რა კავშირი ჰქონდა გელოვანს ამ თაღლითურ სქემასთან უცნობია, რადგან გამოძიების დაწყებიდან მალევე პირი გარდაიცვალა.
თამარ ავალიშვილმა პარიზის გავლით, ლონდონში გამგზავრების თარიღი 8-ჯერ გადადო, ბოლოს კი ქალბატონები დიდ ბრიტანეთში გასული წლის 17 აგვისტოს უნდა გაეშვა. გამგზავრების წინა დღეს ავალიშვილმა ქალებს ჯანდაცვის სამინისტროს ლოგოიანი საშვები დაურიგა და უთხრა რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სწორედ ამ საბუთით უნდა შესულიყვნენ.
დაზარალებულებმა ფრენაზე უარი თქვეს, გამოძიებას მიმართეს და თანხის უკან დაბრუნება მოითხოვეს. თაღლითი ცოლ-ქმარი გამოძიებას თვეების განმავლობაში თავს არიდებდა, ისინი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მსჯავრდებულები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.
თამარ ავალიშვილი თაღლითობის ბრალდებით უკვე მეორედ დააკავეს, ის ანალოგიურ დანაშაულზე სასჯელს 5 წლის განმავლობაში იხდიდა და 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.
მოგვიანებით მას შეწყალების აქტის საფუძველზე ნასამართლეობაც მაშინდელი პრეზიოდენტის გადაწყვეტილებით გაუუქმდა.
ირკვევა,რომ ნასამართლევია მისი მეუღლე კახა ტყემალაძეც. ადვოკატი ამტკიცებს რომ პირებმა დაზარალებულებს მხოლოდ ავიბილეთების თანხები გამოართვეს და გაფრენა ქალებმა თანხის უქონლობის გამო ვერ შეძლეს.