24 აპრილი 2024,   01:42
ვრცლად
მაკო გომური და აქციის 15 მონაწილე საქალაქო სასამართლომ დაზარალებულად არ მიიჩნია - გადაწყვეტილება სტრასბურგში გასაჩივრდება

სასამართლომ 20 ივნისის აქციებზე დაშავებულ მოქალაქეებს დაზარალებულის სტატუსზე უარი უთხრა. საუბარია 16 პირზე, რომელთა შორის მაკო გომური და გიორგი სულაშვილიც არიან, რომლებმაც აქციაზე თვალი დაკარგეს.

დაზარალებულების უფლებებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. ორგანიზაცია თვლის, რომ განმარტება დაუსაბუთებელი და უკანონოა. "საია" მიიჩნევს, რომ სასამართლო, ისევე როგორც პროკურატურა, უკანონოდ აჭიანურებს პროცესს და პასუხისმგებლობას თავს არიდებს.

დღესვე საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებულების პროცესი გაიმართა. ერთ-ერთი ბრალდებული 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ბრალის აღიარების შემდეგ კახაბერ ღავთაძე, მოსამართლე გიორგი არევაძემ დარბაზიდან გაათავისუფლა. ბრალდებულმა საქალაქო სასამართლო ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია. მიღებულ გადაწყვეტილებაზე არც მისი ოჯახის წევრებსა და ადვოკატს უსაუბრიათ.

კახაბერ ღავთაძე ერთადერთი ბრალდებული არ არის, რომელმაც 20-21 ივნისის საქმეზე დანაშაული აღიარა. დღეს ბრალდების მტკიცებულებები უდავოდ ცნო გოგი ქურდოვანიძემაც. მისი საქმე ცალკე წარმოებაში გადავიდა, ბეჟან ლორთქიფანიძისა და მორის მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი კი 4 ნოემბრამდე გადაიდო. არსებით განხილვაზე ბრალდების მხარის მოწმეები, ძირითადად, ექსპერტები დაიკითხებიან. 
პროცესს პროტესტის ნიშნად არ დასწრებია მორის მაჩალიკაშვილის ბიძა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. იგი სასამართლოს დასრულებას ეზოში ელოდებოდა.

ბრალდებულების გარდა საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს კიდევ ერთ საქმეზე გამოიტანა - მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 20-21 ივნისის აქციაში მონაწილე და დაშავებულ პირებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე კითხვები აქვთ მმართველ გუნდშიც და შესაბამის ორგანოებს დამატებით მტკიცებულებების შეგროვებისკენ მოუწოდებენ. ოპოზიცია კი სასამართლოს უარს ხელისუფლების მხრიდან ცინიზმად აღიქვამს.

დაშავებულების იურისტები გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში სტრასბურგის სასამართლოშიც გაასაჩივრებენ, მანამდე პროკურატურამ 67 სამართალდამცველი და 4 სამოქალაქო პირი დაზარალებულად უკვე მიიჩნია.

ამავე თემაზე
დღის ამბები