23 აპრილი 2024,   16:38
ვრცლად
საოკუპაციო ზოლთან რუსი სამხედროები ისევ პატრულირებენ

მუქარის და სასწავლო საბრძოლო წვრთნების დაწყების ფონზე საოკუპაციო ზოლთან რუსი სამხედროები ისევ პატრულირებენ.

ე.წ მესაზღვრეები პერიმეტრს მანქანებით აკონტროლებენ. პოლიციის საგუშაგოზე დგანან ქართველი სამართალდამცველებიც, თუმცა, ყველა დასახლებაში არა. იმ სოფლის მოსახლეობა, სადაც პოლიცია არ იმყოფება, მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს. ოჯახები ხელისუფლებას მიმართავენ და საპოლიციო ძალების გამოყოფას ელოდებიან.

საოკუპაციო ხაზთან მოხვედრა სოფელ ჯარიაშენში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეიძლება. ელიზბარ მესტუმრიშვილი, რომელიც საოკუპაციო ძალებს 3-ჯერ ჰყავდათ გატაცებული, ამბობს რომ ოკუპანტები ყველას და ყველაფერს აკონტროლებენ, რუსი ე.წ. მესაზღვრის მოახლოებას კი მათ ძაღლი აგებინებს.

პოლიციის საგუშაგო აქვთ, მაგრამ განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის დამკვირვებლები გაიტაცეს თავს დაუცველად გრძნობენ სოფელ აძვშიც. სოფელში ამბობენ რომ პოლიციელებს ხელისუფლებამ უფრო მეტი მოქმედების საშუალება უნდა მისცეს.

ის, რაც საოკუპაციო ხაზთან აწუხებთ, განხილვის საგანი იყო დღეს საქართველოს პარლამენტში. დახურულ მოსმენაზე საოკუპაციო რეჟიმისგან მომდინარე საფრთხეებზე დეპუტატებს ინფორმაციას უსაფრთხოებისა და შსს-ს წარმომადგენლები აცნობდნენ. შეხვედრაზე განხილული საკითხები მედიისთვის უცნობი დარჩა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი განაცხადა, რომ სოფელ ატოცში გამყოფი ხაზის მშენებლობაში სიახლე არ არის.

დახურულ მოსმენაზე მიღებული ინფორმაციით უკმაყოფილოა ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით მათ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე მსჯელობა უწყებების პირველ პირებთან სურთ.

საოკუპაციო ხაზთან ვითარების დაძაბვის ფონზე ოფიციალური თბილისისთვის სიტუაციის დეესკალაციის გასაღები კვლავ საერთაშორისო ორგანიზაციებშია. ერთი საათის განმავლობაში პრემიერი გახარია და სახელმწიფო მინისტრი ციხელაშვილი გაეროს წარმომადგენელს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებზე ესაუბრნენ, მათ შორის ევროკავშირის დამკვირვებლების დაკავებაზე.

სანამ საოკუპაციო ხაზთან საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ვითარების დეესაკალაციას ცდილობენ, რუსულ მავთულხლართებთან საქართველოს მოქალაქეების გატაცების მოლოდინში მანქანები კვლავ მობილიზებულია.

დღის ამბები