მას შემდეგ რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე იაკობს შეხვდა და მისი უსაფრთხოება გააძლიერეს, პატრიარქის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა.
ილია მეორეს მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი ახლა ჯვრის მონასტერში იმყოფება.
საპატრიარქოში უკვე მეოთხე დღეა აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს შენობაში მეუფე იაკობი იმყოფებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
სასულიერო პირები მთელი დღის მანძილზე ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდნენ. მათი თქმით, ეკლესია არ ერევა სახელმწიფო საქმეებში და არც სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ეკლესიის საქმეში. საეკლესიო პირები საზოგადოებას მოუწოდებენ, წმინდა სინოდის სხდომას დაელოდონ.
"საუკუნის საქმის" ადვოკატი მეუფე იაკობის მიერ სკანდალურ განცხადებას ეხმაურება. როგორც მიხელ რამიშვილი "კურიერთან" საუბრისას ამბობს, დეკანოზი გიორგი მამალაძე შეთქმულების მსხვერპლია. ადვოკატის თქმითვე, არ არის აუცილებელი, პროკურატურამ ახალი გამოძიება დაიწყოს, რადგან მამალაძის საქმის გამოძიების დაწყების პარალელურად, პროკურატურა ცდილობდა გამოძიების ფარგლებში დაედგინა მისი თანამზრახველები და ეს გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.
რამიშვილის თქმითვე, სასურველია მეუფე იაკობის მიერ დასახელებული ყველა პირი სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში დაიკითხოს.