ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში დღეს ძაღლთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ ტყუილად პროკურატურაში სიარულს, ჯობდა ძაღლი გაესეირნებინა. რაც შეეხება მის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალდებას, გვარამიას თქმით, პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მოწინააღმდეგეები უნდა გაანეიტრალოს და ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ სწორედ მას აღიქვამს.
უწყება გვარამიას ამჯერად "პორშეს ცენტრთან" განხორციელებულ ბარტერს ედავება, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით, ტეეკომპანია "რუსთავი2 -ს" ზარალი მიადგა.
როგორც ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ პროკურატურიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, ავტომანქანა, რომელსაც საქმე უკავშირდება მისმა ცოლმა იყიდა, თუმცა არც კი დაუკითხავთ. პროკურატურას ამ საქმეზე არც ნიკა გვარამია დაუკითხავს.
გვარამიას თქმითვე, პროკურატურას და ბიძინა ივანიშვილს მისი დაკავება სულ უნდოდათ და ახლაც უნდათ, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ.
"საქართველოს პროკურატურა არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია სამწუხაროდ და ვწუხვარ, მაგრამ ამ ახალგაზრდა ბიჭებსაც, ვინც ბრალს მიყენებს და იცის, რომ ამას უკანონოდ აკეთებს, ვხედავ ციხეში. იქნება ეს ჩემი განეიტრალება დროებით, მაგრამ ივანიშვილის განეიტრალება ბევრად უფრო ახლოს მოიწევს. ჩემი ამოცანა და მისია ამ ქვეყანაში, არის ივანიშვილის ამ ქვეყნიდან წასვლა ან ციხეში მოხვედრა“ - აცხადებს ნიკა გვარამია.
პროკურატურასთან იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი. უდუმაშვილის განცხადებით, პროკურატურას დავალება აქვს მიღებული, რომლის თანახმადაც ნებისმიერ ფორმით ნიკა გვარამიას და მასთან ერთად, "მთავარი არხის“ განეიტრალება მოხდეს.
როგორც პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მასალების საფუძველზე გვარამიას ახალი ბრალდება წარუდგინეს.
პროკურატურის ცნობით, საქმე უკავშირდება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას.