18 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
"არ დავუშვებთ გეი პროპაგანდას" - "ქართული მარში" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაზე კინოთეატრების ბლოკირებით იმუქრება

"ქართული მარში" კინოთეატრების ბლოკირებას აანონსებს და მოუწოდებს მართლმადიდებელ მრევლს არ დაუშვან ისეთი ფილმების ჩვენება დიდ ეკრანებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება მათ ღირებულებებს. საუბარია ქართულ-შვედურ დრამაზე "და ჩვენ ვიცეკვებთ", ფილმზე, რომელმაც მსოფლიო მოწონება უკვე დაიმსახურა.

"არ დავუშვებთ გეი პროპაგანდას" - ეს იყო "ქართული მარშის" დღევანდელი განცხადების მთავარი გზავნილი. თავად სანდრო ბრეგაძეს ფილმი ჯერჯერობით არ უნახავს, თუმცა ამბობს, რომ ამ ფილმის ჩვენებას საქართველოში არ დაუშვებს. "ქართულ მარშს" კიდევ რამდენიმე აქტივობა აქვს კინო პრემიერის დღეს დაგეგმილი, რაზეც ჯერჯერობით სანდრო ბრეგაძე არ საუბრობს.

საუბარია ფილმის პრემიერაზე, რომელსაც "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჰქვია. ეს არის ქართულ-შვედური დრამა, რომელიც გეი წყვილის სიყვარულის ისტორიას ჰყვება. აღნიშნული ფილმი საერთაშორისო ინტერესის საგანი უკვე გახდა, თუმცა ქართველ მაყურებელს ეს ფილმი ჯერ არ უნახავს.

სანდრო ბრეგაძეს განცხადებით, ეს არის გეი პროპაგანდის ნათელი მაგალითი, რომელსაც არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია და ფილმის ერთადერთი დანიშნულება მამათმავლობის, სიბილწის და გარყვნილობის პროპაგანდაა. "ქართული მარშის" დამფუძნებელი აცხადებს, რომ მამათმავლობის პროპაგანდისტული პორნო ფილმის პრეზენტაციას დედაქალაქში არ დაუშვებს.

სანდრო ბრეგაძე საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მიმართავს, მრევლს ქუჩაში გამოსვლისკენ და ფილმის ჩვენების მშვიდობიანი ჩაშლისკენ მოუწოდოს.

ფილმის პროდიუსერი ამბობს, რომ მაყურებელი ფილმში დიდ სიყვარულს ნახავს, რაც მისი თქმით, გაღიზიანებას და ნეგატივს არ იმსახურებს. გუნდში, რომელმაც ფილმზე იმუშავა ამბობენ, რომ თუ, კი ეს ფილმი აგრესიას და პროტესტს მაინც დაიმსახურებს, ეს კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

"და ჩვენ ვიცეკვეთ" ფილმის მთავარი პერსონაჟის შემსრულებლების თქმით, ფილმი სხვა კუთხით დანახულ საქართველოზე და ახალგაზრდა თაობაზე მოგვითხრობს.

კინო პრემიერა ფილმისა "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოში 8 ნოემბერს არის დაგეგმილი. კინო ჩვენება საპროტესტო აქციის პარალელურად გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ ფილმის მიმართ ქართველი მაყურებლის დაინტერესება ძალიან დიდია, რადგანაც ამ დროის მონაცემებით უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია.

დღის ამბები