20 ივნისის აქციისას დაზარალებულებისთვის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ პარლამენტარებიც. მათი თქმით, ამ ადამიანებს აქვთ სრული უფლება, სახელმწიფომ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას მოსაზრებით, სახელმწიფოს აქვს გარკვეული ინტერესი, რომ 20 ივნისის ღამის ამბებს არა სასტიკი დარბევა, არამედ სახელმწიფო გადატრიალება დაარქვას. მისი თქმით, 20 ივნისის მოვლენებს კონკრეტული ადამიანების დასჯა, მათ შორის, გიორგი გახარიას, როგორც მინიმუმ, პოლიტიკური დასჯა უნდა მოჰყვეს.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, მაკო გომურის შემთხვევაში ნათელია, რომ ის არავის არ ესხმოდა თავს და ამავე დროს, არის სასტიკი დარბევის შედეგად დაზარალებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს ბრალეულობა ნათლად იკვეთება.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ფიქრობს, რომ ადამიანი, რომელიც დაზიანების ხარისხისგან გამომდინარე მიიღებს შშმ პირის სტატუსს, სავსებით საკმარისია, რომ მას ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული.
დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, პროკურატურას თავისი სამართლებრივი ჩარჩო გააჩნია, რისი მიხედვითაც ზომავს, უნდა მიენიჭოს თუ არა ადამიანს დაზარალებულის სტატუსი.
"ეს არის ჩემი და თქვენი, ასე ვთქვათ, სამოქალაქო პოზიცია, რომ ადამიანი არის დაზიანებული, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დაზარალებულია,"- აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.