11 სექტემბერი 2026,   21:55
ვრცლად
 ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარება - ინვენტარიზაციის პროცესი​ დღეს სავარაუდოდ აბაშაშიც ჩატარდება

ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი გრძელდება. დღეს დილიდან კომისიის წევრები ახალ მიტროპოლიტ გრიგოლ კაციასთან ერთად რეზიდენციაში შეიკრიბნენ.

როგორც კომისიის წევრმა მამა გიორგი ქვარცხავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს გადაწყვეტენ, თუ სად განაგრძობენ ინვენტარიზაციის პროცესს. მისივე ინფორმაციით, აღწერა მარტვილის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება, რის შემდგომაც ისინი აბაშაში გადაინაცვლებენ.

"გრძელდება გადაბარების პროცესი. კომისიის სხვა წევრებთან ერთად გადავწყვეტთ, თუ რა ლოკაციებზე მივიდეთ და ამის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას. გუშინ სალხინოში სკოლა გიმნაზია მოვინახულეთ, ასევე ვიყავით მარანში, ღვინის სახლში და საპატრიარქოს რეზიდენციაში. გადაბარება იქ დასრულდა. სავარაუდოდ, დღეს დასრულდება მარტვილის მხარე და თუ მოვასწარით შემდეგ გადავალთ აბაშაში.  ჩვენ არ მივდივართ ყველგან, სადაც მოქმედი წინამძღვერები არიან. მივდივართ მხოლოდ იქ, სადაც ეპარქია დატოვეს თავიანთი ნებით ან გადადგა ესა თუ ის თანამდებობის პირი," - განაცხადა მღვდელმა გიორგი ქვარცხავამ.

ცნობისთვის, გადაბარების პროცესი ჭყონდიდის ეპარქიაში რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

დღის ამბები