21 დეკემბერი 2024,   18:11
ვრცლად
ოკუპანტების თავნებობის მიზეზად ოპოზიცია ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას ასახელებს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მორიგი გატაცება საკანონმდებლო ორგანოში ისევ ურთიერთბრალდებების მიზეზია.

ოპოზიციაში თვლიან, რომ ოკუპანტების თავნებობის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკაა, მმართველი გუნდი კი შეცდომების დაშვებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განაცხადებით, ხელისუფლების მთავარი ფუნქციაა ყველა მშვიდობიანი მეთოდი გამოიყენოს იმისთვის, რომ რუსეთს პოლიტიკური ფასი გადაახდევინოს.

"გახსოვთ ალბათ, მოღალატეებად გამოგვაცხადეს, როცა ვთქვით, რომ საჭიროა ვიმუშაოთ, რომ რუსეთს სანქციები დაეკისროს ამ ნაბიჯებისთვის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის და ა.შ. როცა შენმა მტერმა იცის, რომ შენ არ მუშაობ იმაზე, რომ მას პოლიტიკური ტკივილი მიაყენო, ის მოგაყენებს ტკივილს უპრობლემოდ," - აცხადებს გიგა ბოკერია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ადამიანების გატაცებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის ნორმალიზაციის პოლიტიკა სრულიად წარუმატებელი იყო.

"ერთადერთი წარმატებული პოლიტიკა, რაც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, ეს არის  საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მობილიზაცია," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, მოქალაქეების დაკავებას, ბორდერიზაციას და აგრესიულ ქმედებებს ყოველთვის ექნება ადგილი.

გია ვოლსკის მოსაზრებით, მსგავსი ქმედებებით მუდმივად შეგვახსენებენ თუ რა მძიმე დანაშაულებრივი შეცდომები ჩაიდინა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ.

"რესურსი, რაც გააჩნია ხელისუფლებას, ეს არის ინტენსიური ზეწოლა არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში, არამედ საერთაშორისო ფორმატში," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 28 წლის ზაქრო ბუთხუზი სოფელ ქვეშთან, საკუთარი ნაკვეთიდან გუშინ გაიტაცეს.

დღის ამბები