21 დეკემბერი 2024,   18:28
ვრცლად
ფილმმებრძოლეობა საქართველოში - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერისთვის ვასაძე, მაყურებელი და პოლიცია ერთად ემზადება

ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" თბილისური პრემიერა მოსალოდნელია, რომ ხმაურის ფონზე ჩაივლის. პრემიერამდე ერთი დღით ადრე, ლევან ვასაძე და მისი მომხრეები პოზიციას არ ცვლიან და ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოჩვენების ჩაშლას აპირებენ, მათი თქმით მიზანი გარყვნილების წინააღმდეგ ბრძოლაა. მთავარი ლოკაცია გურამ ფალავანდიშვილის თქმით, კინოთეატრი "ამირანი" იქნება.

ფილმის პრეზენტაციაზე ბილეთების რეკორდული რაოდენობა გაიყიდა. პრემიერა 8-9 და 10 ნოემბერს გაიმართება. ამავე თარიღებში უსაფრთხოებიდან გამომდინარე ყველა ფილმის სეანსი მოიხსნა, რაც ლევან აკიმის ფილმამდე იყო დაგეგმილი. ბილეთების დეფიციტიდან გამომდინარე "თბილისი პრაიდმა" დღეს დღის ბოლოს ლევან ვასაძეს 1 ბილეთი (მე-3 რიგის მე-16 ადგილი) საჩუქრად გაუგზავნა.

21-ე საუკუნე და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა - პრობლემა, რომელიც ქვეყანაში არსებობს და გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ განათლებაა - ასე ფიქრობენ მწერლები და პუბლიცისტები. ისინი დღევანდელ რეალობას "ციციკორეების ხანას" უწოდებენ.

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სურვილი, ადამიანს უჩნდება მაშინ, როდესაც თავად თავისუფლება და რეალიზებული ცხოვრება არ აქვს - მიიჩნევენ ხელოვანები. ყველა თანხმდება, რომ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაა.

ვასაძის მხარდამჭერების მიერ უარყოფილ ფილმს ოსკარზე ელოდებიან. ოსკარზე ფილმი შვედეთმა წარადგინა. "და ჩვენ ვიცეკვეთ" ოსკარის ერთ-ერთ კატეგორიაში, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინანტებს შორის მოსახვედრად იბრძოლებს. მსახიობებმა საქართველო უკვე დატოვეს. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაწყვეტილება მიიღო მედიასთან აღარ ისაუბრონ და შეფასება მაყურებელს მიანდონ. კინოთეატრებთან მობილიზებისთვის უკვე მზადაა შინაგან საქმეთა სამინისტრო - უწყების განცხადებით მოქალაქეების უსაფრთხოებაზე სამართალდამცველები იზრუნებენ. 

დღის ამბები