ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს ახალ სკანდალურ ბრალდებებს გამოეხმაურა.
როგორც რამიშვილმა "კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, სავარაუდო მტკიცებულებებსა და პორნოგრაფიული ფილმის ლინკებზე, რაზეც მეუფე პეტრე საუბრობდა, დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს. ადვოკატის შეფასებით, აღნიშნულზე განცხადება პროკურატურამ უნდა გაავრცელოს.
"ე.წ. მტკიცებულებები და მასალა ძალიან ბევრია. ლინკები მრავალია, თუმცა დეტალურად არ მახსოვს ამდაგვარი მტკიცებულება... შესაძლებელია, დახურული იყო სასამართლო პროცესი პროკურატურის მოთხოვნით, დახურვის ერთ-ერთი საფუძველი იყო მესამე პირების ინტერესებიდან გამომდინარე. მე დეტალურად არაფერზე არ ვსაუბრობ. არის გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურამ უკეთესად იცის," - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
მეუფე პეტრეს განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს ილია მეორე პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა, რისი მტკიცებულებები პროკურატურაშიც დევს. ყოფილი მიტროპოლიტი ამბობს, რომ მამა გიორგი არ იყო ერთადერთი, ვისაც უწმინდესი მსგავსი თხოვნით მიმართავდა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა კიდევ ერთ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, პატრიარქი სექსუალურ კავშირს ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანების მიმართ, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ახორციელებდა და სიჩუმის სანაცვლოდ ის ამაში ფულსაც იხდიდა.