ნოდარ ცხადაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა კვიციანს პროკურატურამ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა, საგამოძიებო უწყება სასამართლოს ბრალდებულის აღკვეთის ღონიძიების საქმეზე მსჯელობისთვის სავარაუდოდ ხვალ მიმართავს.
დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, სამართალდამცველებს ძმისშვილის ადგილსამყოფელი თავად მიუთითა, ემზარ კვიციანის თქმითვე, ნოდარ ცხადაძეს და ბექა კვიციანს შორის არასდროს ყოფილა კონფლიქტი.
"მთელი ოჯახი განადგურებული ვართ. იმ ოჯახმა ერთი დაკარგა და ჩვენ ორი დავკარგეთ. ერთი ჩვენი და მეორე ჩვენი ნათლიმირონი. ჩემი ძმისშვილი მოვნახე, დავაბინავე და მერე თავად ჩაბარდა პოლიციას. ეს ბიჭები ერთად გაიზარდნენ და ჩემს ძმისშვილს ყველასთან უჩხუბია გარდა მაგისა, არასოდეს ერთმანეთთან კამათი არ ჰქონიათ," - განაცხადა ემზარ კვიციანმა.
შეგახსენებთ, ბექა კვიციანს განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. მოკლულ ნოდარ ცხადაძეს 14 ნატყვიარი ჰქონდა. მისი მეგობარი და ბავშვის ნათლია ბექა კვიციანი საქმეზე ამ დრომდე ერთადერთი დაკავებულია. კვიციანი წარსულში ნასამართლევია.