ფიგურირებს თუ არა სხვა პირი, ატენის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის საქმეში - დედა და ორი გარდაცვლილი შვილი საკუთარ სახლში გუშინ ნახეს. სამივე მათგანს ცეცხლსასროლი ჭრილობა თავში აქვს მიყენებული.
ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც ადგილობრივები ყვებიან, ლევან აბაშიძემ ჯერ დედა და და მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც ადგილობრივებმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადეს, სროლის ხმა არ გაუგიათ. მათი ნაწილი გამოძიების ვერსიას გამორიცხავს. ისინი საკმაოდ დადებითად ახასიათებენ ლევან აბაშიძეს და ამბობენ, რომ მას არ შეეძლო ოჯახის წევრების მოკვლა. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ საზარელ შემთხვევაში არსებობდეს მეოთხე პირი, ვინც მკვლელობა ჩაიდინა.
"იყო გადასარევი, ფანტასტიკური ბიჭი. კონფლიქტი თუ ჰქონდათ ოჯახში, ეგ არ ვიცი," - განაცხადა მეზობელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით 236-ე და 109-ე დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ მდგომარეობაში და იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებას. ცხედრებს ამ დროისთვის სამსახრაულის ბიუროში შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.