18 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
მოვითხოვთ ამ მოსამართლის აცილებას - 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა ადვოკატი

საქალაქო სასამართლოში, აქციის დაშლის დროს დაკავებული პირების სასამართლო სხდომები რამდენიმე საათით გადაიდო. ადვოკატები ამბობენ, რომ ამის მიზანი სწორედ ის გახდა, რომ აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე, დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლა ვერ შეძლონ.

რამდენიმე საათით სხდომის გადადების გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო, რასაც დარბაზში უკმაყოფილება მოჰყვა. თავდაპირველად, სხდომების გადადებას, თუმცა არა რამდენიმე საათით, არამედ რამდენიმე დღით, თავად დაკავებულების ადვოკატები ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ სხდომა მხოლოდ რამდენიმე საათით გადადო.  

ადვოკატები იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა დაკავებულების გათავისუფლება და სასამართლო უკვე მომდევნო დღეებში დაუბრუნდებოდა საქმის განხილვას.

"მოსამართლემ დააკმაყოფილა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა და მხოლოდ 5 საათამდე გადადო პროცესი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დრო მიეცეს გარკვეული სახის მტკიცებულებების წარმოდგენაზე და ჩვენ ეს დრო საერთოდ არ მოგვცა მოსამართლემ. თავისთავად ნათელია, რომ მოსამართლე აპირებს ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას დაკავებულებისთვის და წინასწარ აქვს გადაწყვეტილება მიღებული. შესაბამისად, სხდომის გახსნისთანავე, დავაყენებთ ამ მოსამართლის აცილების მოთხოვნას," - აცხადებს ადვოკატი.

სამარცხვინოს უწოდებს სასამართლო დარბაზში განვითარებულ პროცესებს სამოქალაქო აქტივისტი, ანა ჭარხალაშვილი.

"ეს არის სამარცხვინო ფაქტი. ამდენი ადამიანია დაკავებული და როგორ შეიძლება ყველას გადახედვა 2 საათში და გამოიტანო დასკვნა იქამდე რა ხდებოდა, მას შემდეგ რა ხდებოდა და ვინმემ ხომ არ გამოიწვია. სამარცხვინოა დღევანდელი პროცესი ჩემთვის," - ამბობს ანა ჭარხალაშვილი. 

დღის ამბები