მას შემდეგ, რაც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სამედიცინო წრეებში კანონის გამკაცრებაზე დაიწყო საუბარი. ექიმის ცემას უკვე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა აცხადებს, რომ შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზადაა. ბოხუას ინფორმაციით, ახალი კანონის მიხედვით, ყველა პირი, რომელიც ექიმს ან სამედიცინო პერსონალს პროფესიულ საქმიანობაში ფიზიკურად, ან ფსიქოლოგიურად ხელს შეუშლის, მკაცრად დაისჯება. მისი თქმით, კანონპროექტმა პარლამენტში პირველი მოსმენა უკვე გაიარა.
კანონის აუცილებლობაზე ისაუბრა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ნინო ოკრიბელაშვილმა.
"ძალზე მნიშვნელოვანია, კანონში საექიმო საქმიანობის შესახებ, ასახული იყოს ასევე, დაცულობა ექიმის, არა ზოგადი სიტყვებით, არამედ კონკრეტულად. მაგალითად, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისგან ფიზიკური ძალადობა ექიმზე აღქმული იყოს როგორც დანაშაული,"- განაცხადა ნინო ოკრიბელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ცნობილ ექიმს, ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა პაციენტის ცოლმა და მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაზარალებულმა ექიმმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა. გამოძიებამ სავარაუდო ძალადობაში მონაწილე პირი გამოკითხვაზე უკვე დაიბარა.