რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ზუკა ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ადვოკატმა გიორგი მახარაძემ მოინახულა.
ადვოკატის თქმით, ამ წუთებში ბერძენიშვილთან გამომძიებელი იმყოფება, სადაც აძლევს ჩვენებას დაკავების დროს მასზე ფიზიკური ზეწოლისა და შეურაცხყოფის შესახებ.
"რომ შევედი, ზუკასთან დამხვდა გამომძიებელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან. გამოძიებაა დაწყებული სპეცრაზმელების მიმართ. ზუკა ამბობს, რომ დაკავებისას სპეცრაზმელებმა ორჯერ დაარტყეს ზურგის არეში და ამასთან დაკავშირებით მივეცით დეტალური ჩვენება. რაც შეეხება მის ზოგად განწყობას, ის არის მხნედ, მას არ ეშინია," - განაცხადა გიორგი მახარაძემ.
შეგახსენებთ, 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული ის 10 ადამიანი, რომელთაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, სხვადასხვა ქალაქის წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს.
გიგა მაქარაშვილი გორში, ზუკა ბერძენიშვილი კი რუსთავის იზოლატორში იმყოფებიან. ბრალდებულები მარნეულსა და მცხეთაშიც არიან გადაყვანილი.
დაკავებულების უფლებადამცველების განცხადებით, სავარაუდოდ, ისინი სიტუაციას განარიდეს და ამ ხერხით სასამართლო პროცესსა და იზოლატორთან შეხლა-შემოხლის თავიდან აცილებას ცდილობენ.