18 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
"ივანიშვილი ახალგაზრდებს სპეცრაზმის ენით ელაპარაკება" - მოძრაობა "შეცვალეს" 4 წევრი დიღმის სამართველოში გადაიყვანეს

მოძრაობა "შეცვალეს" 3 წევრი, რომელიც დღის პირველ ნახევარში "ქართული ოცნების" ოფისთან დააკავეს, სამართალდამცველებს დაახლოებით 5 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში ჰყავდათ, რის შემდეგაც დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ დაკავება უკანონო იყო, რადგან მათი მოძრაობის წევრები პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდნენ და კანონს არ არღვევდნენ. 

"ეს ადამიანები დააკავეს მაშინ, როდესაც აპროტესტებდნენ მოძალადე რეჟიმს, რეჟიმს, რომელიც ებრძვის თავისუფლებას. ეს ადამიანები საკუთარი თავისუფლებით და სიმშვიდით ცდილობდნენ შეეცვალათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.დაკავება მოხდა კანონდარღვევით, რადგან ეს ადამიანები იდგნენ და მშვიდობიანად აპროტესტებდნენ,"- განაცხადა მოძრაობა "შეცვალეს" წევრმა ელენე მეტრეველმა.

დაკავებულებს მხარდაჭერას უცხადებს თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილი თვლის, რომ ხელისუფლება შოკშია და ახალგაზრდებს "სპეცრაზმის ენით" ელაპარაკება.

"ბატონი ივანიშვილი, ფაქტობრივად, შოკშია, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მოქალაქეებს ესაუბრება სპეცრაზმის ენით, ახალგაზრდებს ესაუბრება პოლიციელების ენით. თუ აქციაზე იქნება, დაარბევს ამ ადამიანებს, თვალებს დათხრის, თუ შესაძლებლობა ექნებათ, დააკავებს ადმინისტრაციული წესით და ა.შ. მას ჰგონია, რომ ეს არის გამოსავალი,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის მეორე ნახევარში მოძრაობა "შეცვალეს" ერთ-ერთი ლიდერი ტიტე გედენიძეც დააკავეს. სავარაუდოდ, ხვალ, 22 ნოემბერს, ოთხივე დაკავებულს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახეზე იმსჯელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები