20 ივნისის აქციის დაშლისას დაზარალებულ მაკო გომურს, რომელმაც მიღებული დაზიანების გამო თვალი დაკარგა, პროკურატურამ საქმის გამოძიების მასალები სრულად არ გადასცა, რაც მის უფლებადამცველებს უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან რაიმე განზრახ იმალებოდეს.
საიას ადვოკატი რეზო აჭარაძე აცხადებს, რომ გადაცემულ დოკუმენტებში აქციის დაშლაზე პასუხისმგებელი პირების გამოკითხვის მასალა არ დევს:
"შესაძლებელია გარკვეულ დოკუმენტს თუნდაც განზრახ გვიმალავდნენ ან თუნდაც ისეთი დოკუმენტი იყოს, რომელსაც გამომძიებელმა არ მიაქციოს ყურადღება და ჩვენ დავინახოთ რამე კავშირი მაკოს საქმესთან. მაკოს მიადგა იმ აქციაზე ზიანი, რაც არ არის სადავო, თუმცა არ არის მითითებული ის პიროვნება, რომელმაც მას მიაყენა ზიანი. ჩვენ არ ვიცით დანარჩენ ტომებში რა მასალებია, გადმოცემულ დოკუმენტებში რომელსაც გავეცანით, არ იყო გამოკითხული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის არც ერთი ხელმძღვანელი თუ პირი, რომელსაც ევალებოდა იმ დღეს აქციის დაშლა, აქედან გამომდინარე, ბევრი კითხვა გაგვიჩნდა,"- აცხადებს აჭარაძე.