კონსევატორიის დიდ სცენაზე, "ქეთო და კოტე" პირველად იდგმება. ვიქტორ დოლიძის ცნობილი ოპერა წელს 100 წლის იუბილეს ზეიმობს. 1919 წელს დაწერილი კომიკური ოპერა სამ მოქმედებად, რეჟისორის გადაწყვეტით ოდნავ სახეცვლილია და მას სალაპარაკო რეჩიტატივებიც დაემატა.
საოპერო დადგმაში ცაგარელის "ხანუმადან" რამდენიმე გამონათქვამი და ტაბლიაშვილის ფილმიდან სცენებიც მოხვდა. "ქეთო და კოტე" კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს საავტორო უფლება მფლობელთა ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.
1 საუკუნის წინ შექმნილი ოპერა რომელიც სატირას წარმოადგენს თავად-აზნაურობის ყოფას ასახავს. კომედიაში მოცემულია 2 სხვადასხვა სოციალური ფენის ყოფა-ცხოვრება და ვაჭარ ტყუილკოტრიშვილების სიხარბის მაგალითები. მათი დაპირისპირება და მაჭანკლის მიერ დამოყვრების ორგანიზება. ხანუმა, რომელიც მდიდარი თავადის გულის მოგებას სხვადასხვა ხრიკით გეგმავს.
ფოლკლორისა და ქალაქური მუსიკის ელემენტებით გაჯერებული ოპერა, დღესაც ისეთივე აქტუალურია როგორიც 100 წლის წინ იყო.
საოპერო დადგმა კონსერვატორიის სცენის გარდა დარბაზშიც ვითარდება, მაყურებელი მსახიობებთან ერთად თავადი ლევანის წვეულებაზე ხვდებიან. "ქეთო და კოტეს" ნახვა კონსერვატორიის დიდ დარბაზში პირველად და მხოლოდ 2 დღით 29 ნოემბერს და 1 დეკემბერს იქნება შესაძლებელი.
ავტორი: სალომე თარხნიშვილი