"სუხიშვილები" ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ქართული ნაციონალური ბალეტი სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს და კოლეგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროტესტის გავრცელებაში დახმარებას სთხოვს.
"ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც საერთაშორისო ყურადღებასა და ჩართულობას მოითხოვს, რათა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საქართველოს ეროვნულ ბალეტს სურს, გამოხატოს პროტესტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვთხოვთ ჩვენს კოლეგებს მსოფლიოს გარშემო, დაგვეხმარონ ამ პროტესტის გავრცელებაში",- ნათქვამია სუხიშვილების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ქართველი ექიმი თითქმის ერთი თვეა, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში, უკანონო პატიმრობაში იმყოფება.