ქუთაისის ციხეში, პატიმარის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც პირი ამოიკერა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ "რუსთავი2"-ს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა პირი 3 დეკებერს ამოიკერა.
"როგორც თავად პატიმარი განმარტავს, საპარსის ლითონის დეტალით გაიკეთა თითო ნახვრეტი ზედა და ქვედა ტუჩზე, გაყრილი აქვს ტანსაცმლის ქსოვილიდან ამოღებული ძაფი.
ბრალდებულს მედპერსონალის მიერ ყოველდღიურად მიეწოდება ახსნა-განმარტებები ადამიანის ჯანმრთელობაზე შიმშილობის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი არ წყვეტს შიმშილობას.
ო.კ. პერიოდულად უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურებაზე, კერძოდ- გასინჯვაზე, სისხლის და შარდის საერთო ანალიზების აღებაზე, ასევე ინტრავენური ინფუზიის გაკეთებაზე.
ბრალდებული იმყოფება მედ-პერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ, საჭიროების შესაბამისად, ხდება დაზიანების დამუშავება. ბრალდებულის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა სტაბილურია,"- ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა 7 ოქტომბრიდან გამოაცხადა შიმშილობა პირად საქმესთან დაკავშირებით. ის არ ეთანხმება წაყენებულ ბრალს. კ.ო. პერიოდულად ცვლიდა შიმშილობის ფორმას და გადადიოდა არასრულ შიმშილზე. 8.10.2019 წ.-დან მოთავსებულია ელექტრო-ვიზუალური მეთყვალყურეობის ქვეშ.
ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, ომანაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა მას დაკავების დროს ჩაუდეს.