"არა მიშას" - ამ მოწოდებით ბათუმში ევროპის მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის-საინფორმაციო" ცენტრის ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ აქცია გამართა.
მან სიმბოლურად ცოცხებზე დამაგრებული მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ფოტოები გამოფინა.
ღოღობერიძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაცია უნდა დაასრულოს. 2012 წელს ხალხისთვის მიცემული პირობა უნდა შეასრულოს და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაასრულოს.
"ცოცხი, მიხელ სააკაშვილის სიმბოლოა და არ გვინდა ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. თუ ხელისუფლება არ დაასრულებს, მათ "ნაციონალური მოძრაობა" დაასრულებს, რაც ჩვენ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს არ გვინდა. ცოცხი გაუპატიურებისა და ძალადობის სიმბოლოა," - განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.