18 აპრილი 2024,   11:03
ვრცლად
თუ იქნებიან ჭკვიანად მათთვის აჯობებს, თუ არა და მიიღებენ რასაც არ ელოდებიან - ოპოზიცია ქუთაისში აქციისთვის ემზადება

უმრავლესობის წევრებს შორის კონსულტაციები ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე იმართება. მაშინ, როცა ხელისუფლება საარჩევნო მოდელზე დამოუკიდებლად მსჯელობს, მთლიანად ოპოზიციური სპექტრი, მხარდამჭერებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად მასშტაბურ აქციებს სხვადასხვა ქალაქებში მართავს.

დედაქალაქის შემდეგ, დღეს აქცია ქუთაისში დაიგეგმა, სადაც შეკრება 2 საათში დაიწყება, დემონსტრანტები ერთობლივი მსვლელობას გუბერნიის მერიის შენობისკენ გეგმავენ. როგორც ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, სწორედ აქ იქნება მშვიდობიანი პროტესტის ძირითადი ეპიცენტრი.

რაც შეეხება კონტრაქციებს, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ არც დღევანდელი დღე იქნება გამონაკლისი, ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც შეეცდება, დაგეგმილი პროტესტის გადასაფარად პარტიის აქტივისტები და ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩავეტევით 2 საათში და თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნება ხელის შეშლის ადგილი, ასეთ შემთხვევაში ძალიან მალე მოვუხსნით დისკომფორტს ჩვენს თანაქალაქელებს, რომლებიც არ მონაწილეობენ აქციაში. თუ ხელისუფლება გადაკეტავს ან პოლიციით, ან თავისი ტიტუშკებით გზას, ან შეეცდება, რომ ხელი შეგვიშალოს, მასეთ შემთხვევაში სამწუხაროდ ხელისუფლების მიზეზით მოგვიწევს, რომ გაცილებით უფრო დიდ ხანს შევაწუხოთ ქუთაისის მოსახლეობა," – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი აკაკი ბობოხიძე.

როგორც "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ხელისუფლება მათ ძალადობრივ ქმედებებში ვერ ჩაითრევს. ვაშაძე მმართველ გუნდს მოძალადეებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მათი მმართველობა დასრულებულია.

"მე ყველაფერს ველოდები დასუსტებული ხელისუფლებისგან, რომელიც ძალადობას ეფარება, მაგრამ ჩვენი პასუხი იქნება ისეთივე მშვიდობიანი, როგორც ეს იყო მცხეთაში, როგორც ეს იყო აბსოლუტურად ყველგან. ჩვენ ვერაფრით ვერ ჩაგვითრევენ ძალადობაში. მოძალადეები არიან სამწუხაროდ ხელისუფლებაში დღეს და ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ამ ძალადობას ეყრდნობა დამთავრებულია," – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი აღნიშნავს, რომ აქციაზე მყოფი პოლიტიკოსების და დემონსტრანტები მშვიდობიანი პროტესტით გამოირჩევიან, მოწინააღმდეგე მხრიდან კი, ძალადობრივი ქმედებები და შეურაცხყოფა მოდის.

"ისინი არიან აბსოლუტურად არაადეკვატურები, აგონიაში არიან, მათ ქცევას მე მგონი, ყველა უყურებთ. ჩვენი ქცევა არის მხოლოდ და მხოლოდ ჰიმნი, ჰიმნს ვასმენინებთ, ადამიანები მღერიან. ვაპროტესტებთ ამას ყველაფერს მშვიდობიანად  და მათი დანიშნულება რა არის? მომზადებული კვერცხები, რომელშიც არის რაღაც წითელი ფერის საღებავი, კვერცხების სროლა და შეურაცხყოფა და ა.შ. რა თქმა უნდა არავის ვაპირებთ, რომ თავზე გადავავლებინოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ იქნებიან ჭკვიანად - მათთვის აჯობებს და უკეთესი იქნება. თუ არა და ისინი მიიღებენ იმას, რასაც არ ელოდებიან ალბათ," - აღნიშნა გურამ ჩალაგაშვილმა.

დღის ამბები