18 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ბავშვთა პონოგრაფიის საქმეზე 11 დაკავებულის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში შესაძლოა ხვალ გაიმართოს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11 დაკავებულის სასამართლო პროცესი შესაძლოა ხვალ გაიმართოს.

11 პირი პორნოგრაფიის საქმის ფარგლებში, ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე ოპერაციის დროს გუშინ დააკავეს. დაკავებულებს ბრალი გუშინ გვიან ღამით წაუყენეს.

რამდენიმე თვიანი გამოძიების შედეგად გაშიფრულია სქემა, რომლის მიხედვითაც, პედაგოგები და მშობლები წინასწარი შეთანხმებით და ფულადი კომპენსაციის მიღების მიზნით, არასრულწლოვან ბავშვებს ინტიმურ ფოტოსესიებში მონაწილეობის მიღებას აიძულებდნენ. დაკავებულთან ნაწილი ბრალს არ აღიარებს, ნაწილი იყენებს დუმილის უფლებას.

გამომდინარე იქიდან, რომ საქმე არის საკმაოდ მოცულობითი, საუბარია დაახლოებით 18 ტომზე, ადვოკატები ვარაუდობენ და არ გამორიცხავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 11-ივე დაკავებულის აღმკვეთი ღონისძიება ხვალ ჩატარდეს.

რაც შეეხება საქმის მასალებს, უფლებადამცველებს ისინი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში დღეს გადაეცემათ.

თერთმეტივე დაკავებული წარდგენილ ბრალდებას უარყოფს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს.

ცოტა ხნის წინ თბილისის მთავარი სამმართველოდან ერთ-ერთი დაკავებული პედაგოგის უფლებადამცველი გამოვიდა. როგორც ადვოკატი ნოდარ ციციშვილი "კურიერთან" განმარტავს, პედაგოგი ჩადენილ დანაშაულს და წარდგენილ ბრალდებას უარყოფს. ადვოკატმა განმარტა, რომ საგამოძიებო უწყება ამ საქმეზე დაკავებულ პედაგოგს სწორედ დანაშაულის ხელშეწყობას ედავება.

უფლებადამცველის თქმით, ერთ-ერთ ღონისძიებაზე  პედაგოგმა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობელი ამერიკის მოქალაქე ფოტოგრაფს გააცნო, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაზე ფოტოებს იღებდა. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებისთვის სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისათვის, რომ პედაგოგი დანაშაულის ხელშეწყობის ბრალდებით დაეკავებინათ.

"რა მოქმედებები განახორციელეს ამ არასრულწლოვნის მშობლებმა, რა კომუნიკაცია ჰქონდათ ამერიკის მოქალაქესთან ფოტოგრაფირების შესახებ, ეს ქალბატონი არაფრის მონაწილე არ არის, არც ინფორმირებულია და არანაირი შემხებლობა არ ჰქონია," - აცხადებს დაკავებული პედაგოგის უფლებადამცველი ნოდარ ციციშვილი.

"კურიერი" ასევე ორი დაკავებულის უფლებადამცველს ესაუბრა. ეს დაკავებულები არასრულწლოვნების მშობლები, დედა და მამა არიან. როგორ ადვოკატები განმარტავენ, რომ არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ ფოტოები, რომლებსაც მის შვილს უღებდნენ პორნოგრაფიული ხასიათის იყო. ერთ-ერთი ადვოკატი იმასაც აღნიშნავს, რომ გორიდან თბილისში შვილი თავად მამას დაჰყავდა, თუმცა მისთვის უცნობი იყო, რომ ამ ფოტოებს კვალიფიკაცია პორნოგრაფია ჰქონდათ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, ის საქმეში თავს თვლის როგორც დაზარალებულად და არა ბრალდებულად. ის ფიქრობს, რომ ის თაღლითებმა მოატყუეს და მისი შვილი ამ საქმეში გამოიყენეს. არ შეიძლება საქმეში არსებობდეს მის მიმართ მამხილებელი რაიმე მტკიცებულება. სავარაუდოდ პროკურატურა მოითხოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდებას," - აცხადებს ადვოკატი ბადრი ბათიაშვილი.

არასრულწლოვნებთან, რომელთა მშობლებიც პორნოგრაფიის საქმეზე არიან დაკავებულები, ამ დროისთვის ფსიქოლოგები მუშაობენ.

"კურიერი" სოფელში პედაგოგის ახლობლებსა და ერთ-ერთი არასრულწლოვნის ბებიას ესაუბრა. პედაგოგის ახლობლების თქმით, მათ არ სჯერათ, რომ დაკავებული ქალი ამ საქმესთან რამე კავშირშია.

ერთ-ერთი არასრულწლოვნის ბებიის განმარტებით, საეჭვო ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.

დღის ამბები