სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ანგარიშში, რომელიც მან ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით წარადგინა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის სამართლიანობა ეჭვქვეშაა დაყენებული.
ლომჯარია ხაზს უსვამს პროცესის ფარულობას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ურთიერთშეთანხმების შემთხვევებს. ასევე, ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა იმ კანდიდატებზე, რომელთა კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა.
"მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა საქართველოს პარლამენტს.
შერჩევის პროცესი წარიმართა ფარულად, გამოიკვეთა საბჭოს წევრთა მიერ ურთიერთშეთანხმების შემთხვევები, რაც პროცესის სამართლიანად წარმართვას ეჭვქვეშ აყენებს.
ამავდროულად, მოქმედმა საკანონმდებლო ჩარჩომ, რომლის მიხედვითაც საბჭოს გადაწყვეტილებები არ საბუთდება და არ საჩივრდება, ვერ უზრუნველყო კონკურსში მონაწილეთა უფლებების დაცვა, ასევე საკანონმდებლო ჩანაწერების მიუხედავად, პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის აღმოჩნდნენ პირები, რომელთა მიერ მინიმალური აკადემიური ხარისხის ფლობა კითხვის ნიშნებს აჩენდა," - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ ანგარიშის წარდგენისას.