31 წლის ნიკა ქირიას, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ტულუზის ციხის კარცერში გუშინ გარდაცვლილი იპოვეს, ოჯახი ბოლოს ერთი თვის წინ ესაუბრა. ნიკა ქირიას დედის, ფატიმა ლაგვილავას განცხადებით, მისი შვილი ავადმყოფობდა და ციხის ადმინისტრაციისგან სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. ნიკა ქირია პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობის მცდელობისთვის დასაჯეს და სიცოცხლე მან კარცერში დაასრულა.
გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა სახელდება. "კურიერი" ზუგდიდში კიდევ ერთ ოჯახს ესაუბრა, რომლის პატიმარიც სასჯელს საფრანგეთის ციხეში, ნიკა ქირიასთან ერთად იხდიდა, მასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. დაკავებულის დედა ამბობს, რომ ქირია პატიმრობიდან აპრილის თვეში თავისუფლდებოდა და თვითმკვლელობის ვერსია მათთვისაც დაუჯერებელია.
ნიკა ქირია არ არის ერთადერთი ქართველი პატიმარი, რომელიც საფრანგეთის ციხიდან ჯანმრთელობის პრობლემის გამო დახმარებას ითხოვდა. პატიმარი კახაბერ შუშანაშვილი საფრანგეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კიდურების მძიმე დაავადებით იმყოფება. მისი უფლებადამცველი საქართველოს საელჩოს და პრეზიდენტს დახმარებას დიდი ხანია, სთხოვს.
საფრანგეთის ციხის ადმინისტრაციას ქართველი პატიმრების მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებს მომღერალი კახა აბუაშვილიც, რომელმაც თავად საფრანგეთის ციხეში რამდენიმე წელი გაატარა. ის "კურიერთან" იხსენებს ფაქტებს, თუ როგორ ექცევიან ქართველ პატიმრებს ციხის დარაჯები.
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ახლა სახელმწიფოს გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვს, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან შედგა და გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობაც მიმდინარეობს.