"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძისა და კიდევ 5 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო.
ეს შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე დაკავებულების ადვოკატებმა დააყენეს. მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელია, რომლის მიხედვითაც ითხოვენ გაირკვეს, რამდენად კონსტიტუციურია ადმინისტრაციული მუხლები - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ხულიგნობა.
"საკონსტიტუციო სარჩელის გამო გადადო ამ მუხლის შესწავლა, ეს ნიშნავს, რომ თუ ამას მივაღწიეთ ჩვენ, მაშინ ვერავის მიმართ ვეღარ იქნება გამოყენებული ეს ორი მუხლი, რომელსაც სტანდარტულად იყენებდა პოლიცია. მეორე, რომ ამ სხდომაზე დასწრება სავალდებულო არ არის უშუალოდ იმათთვის, ვისაც ბრალად ედება კონკრეტული ქმედება. მთავარია, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ნელ-ნელა უნდა ჩამოვშალოთ ის უსამართლო სისტემა, რომელიც ქვეყანაშია,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ადვოკატ თორნიკე ართმელიძის თქმით, სასამართლოს საქმის მასალები საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს.
"დღეს რომ ეს საქმე განგვეხილა, შემდეგ, შესაძლოა, ეს მუხლები ცნობილი ყოფილიყო არაკონსტიტუციურად. ამიტომ, სასამართლომ ამისთვის ითხოვა ვადა რამდენიმე დღით და გვეტყვის პასუხს. ჩემი აზრით, ეს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საქმეები უნდა გადაეგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც გვეტყვის, ეს ორი მუხლი შეესაბამება თუ არა საქართველოს კონსტიტუციას და ამის შემდეგ გავაგრძელებთ საქმის წარმოებას,"- განაცხადა თორნიკე ართმელიძემ.
სასამართლო სხდომა 17 დეკემბრამდე გადაიდო.