26 აპრილი 2024,   11:26
ვრცლად
ჩვენ არ ვამბობთ უარს განვითარებაზე - მიქაუტაძე ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის კრიტიკულ განცხადებაზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შენიშვნებს მისაღებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ თუ იყო ხარვეზები, უნდა მოხდეს მისი იდენტიფიცირება და შემდგომისთვის გათვალისწინება.

მიქაუტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესთან დაკავშირებით იმედგაცრუებაა გამოთქმული.

"ძალიან ბევრი სახის დასკვნა და შეფასება მოვისმინეთ ამ პროცესთან მიმართებაში, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ბუნებრივი და მისაღები. ასეც უნდა ხდებოდეს, დადებითი უნდა შეფასდეს დადებითად და თუ იყო ხარვეზები, უნდა მოხდეს მისი იდენტიფიცირება და შემდგომისთვის გათვალისწინება.

პროცესები, რომლებიც მივიღეთ არის ბევრად უკეთესი, ვიდრე ეს იყო აქამდე, ჩვენ არ ვამბობთ უარს განვითარებაზე.

ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ამ ფორმით მიმდინარეობდა პროცესები და იყო დიდი გამოცდილება, როგორც იუსტიციის  საბჭოსთვის, ასევე პარლამენტისთვის," - განაცხადა მიქაუტაძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა 19 კანდიდატიდან 14 უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, მათ შორის იყვნენ ისეთი პირები, რომელთა დანიშვნასაც როგორც ოპოზიცია, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები და სამოქალაქო სექტორი ეწინააღმდეგებოდა. საპარლამენტო გასაუბრების დროს შეკითხვები გაჩნდა კანდიდატების დიპლომების ნამდვილობასთან დაკავშირებითაც.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები