"კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე,"- ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას. ნინო ლომჯარია სოციალური ქსელში წერს, რომ ეს შემთხვევა მთლიანად საზოგადოების ტრაგედიაა.
"მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატს დაწყებული აქვს საქმის მრავალმხრივი შესწავლა. ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს.
ჩვენი მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გავუწევთ როგორც მიმდინარე გამოძიების პროცესს, ასევე, შევაფასებთ, რატომ არ იყო გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მხრიდან ბავშვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის კუთხით,"- წერს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.
ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.