15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ლუკა სირაძის ოჯახს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად ბევრი რამეა შესაცვლელი და გასაკეთებელი:
"15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენ საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. ამ მძიმე წუთებში გამძლეობა მოგცეთ უფალმა.
ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები,"- ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.
მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა განხორციელდა.
ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულების მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, გამომძიებელი მარინა ჩოლოიანი დააკავა.