აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გიგი უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. უფლებადამცველი აეროპორტის ტერიოტორიიდან ამოღებული ვიდოფაილების ნახვის უფლებას ითხოვს.
ადვოკატი ამბობს, რომ მასალა საქმეში დევს, მაგრამ მისთვის არ გადაუციათ. მხარეს ამ ჩანაწერების ნახვის შესაძლებლობა არ მიეცა. გელხაურის განმარტებით, ვიდეო ჩანაწერბში ჩანს თუ, რა მოხდა რეალურად.
"11 დეკემბრის შემდეგ, ეს მყარი დისკი ამოღებული აქვს უკვე საქმეში და არ გვაძლევს საშუალებას, რომ გავეცნოთ მასში არსებულ ინფორმაციას და გავეცნით იმ რეალობას, რა მოხდა თავდასხმის დროს. გიგი უგულავამ სცემა ბადრი გავაშელიშვილი, თუ თავად ბადრი გავაშელიშვილი დაესხა თავს გიგი უგულავას და მიაყენა გარკვეული სახის დაზიანებები?! აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და ვითხოვთ, რომ გამოსცეს განჩინება. მოხდეს იმ მყარ დისკზე არსებული ინფორმაციის დათვალიერება, რადგან გავერკვიოთ ერთხელ და სამუდამოდ, რა მოხდა რეალურად," - აღნიშნა ადვოკატმა.
დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო შუამდგომლობას, ორი დღის ვადაში გახდება ცნობილი.