15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, რომლის თვითმკვლელობის მცდელობასაც წინ საგამოძიებო უწყებაში მისი დაკითხვა უძღვოდა, ოპოზიცია სამართალდამცავი სისტემის რეფორმას ითხოვს.
"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ სწრაფი ტემპით უნდა დაიწყოს ყველა იმ სისტემის რეფორმირება, რომელსაც მსგავს ტრაგედიებამდე მივყავართ.
"სამწუხაროდ, ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე და ვერ გამოგვაქვს გაკვეთილები მომხდარი მძიმე შემთხვევებიდან. აუცილებლად უნდა დადგეს უმკაცრესი პასუხისმგებლობის საკითხი ყველა დამნაშავე პირის და, მეორეს მხრივ, უსწრაფესი ტემპებით უნდა დავიწყოთ, პირველ რიგში, საგამოძიებო სისტემის, თუმცა ყველა იმ სისტემის რეფორმირება, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ასეთ ტრაგედიებამდე მივყავართ,"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
სისტემის დანაშაულზე საუბრობს "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეც.
"იმ სისტემის მსხვერპლი აღმოჩნდა ეს ბავშვი, რომელიც ვერა და ვერ დავშალეთ და დავანგრიეთ ამ ქვეყანაში. სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი უნდა ემსახურებოდნენ საზოგადოების უსაფრთხოებას და თვითმკვლელობამდე არ უნდა მიჰყავდეთ ადამიანები. არ უნდა ემსხვერპლონ ამ სისტემას არამარტო ახალგაზრდები, საერთოდ, საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ გვინდა პოლიცია, რომელიც ჩვენ გვიცავს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე დამნაშავედ მიიჩნევს ხელისუფლებას, რომელმაც წინა ხელისუფლებისგან დანაშაულებრივი სისტემა საკუთარი კომფორტისთვის გადმოიბარა.
"დამნაშავე ამ ყველაფერში არის სისტემა, რომელიც საკუთარი კომფორტისთვის გადმოიბარა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა, აქ ერთი გამომძიებლის დასჯით ვერ შემოიფარგლება ყველაფერი, რადგან დამნაშავე არის ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელსაც სათავეში უდგას ხელისუფლება,"- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
შეგახსენებთ, რომ მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა.
ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი