თბილისის საქალაქო სასამართლოში "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის ზურაბ ჭაბაშვილის განცხადებით, ბრალდების მიერ წარდგენილი მოწმეები სამართალდამცველები არიან.
ადვოკატის განმარტებით, ბრალდებას საქმეში მთავარ მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვს ვიდეო-მასალა, რომლითაც დგინდება, რომ ოქრუაშვილი პარლამენტში იმყოფებოდა, თუმცა ამას დაკავებულიც აღიარებს.
"400-მდე მოწმე არის სიაში და არცერთი მათგანი ოქრუაშვილთან მიმართებაში არაფერს არ ამბობს. უბრალოდ ეს ხალხი მიტინგზე იყო, პოლიციელები და ზოგადად საუბრობენ, რა მოხდა იქ. ამიტომ, რომელი პოლიციელი მოვა და რას იტყვის მნიშვნელობა არ აქვს, დღემდე დაახლოებით 30 კაცი დაიკითხა და ოქრუაშვილზე არავინ არაფერს ამბობს," - აღნიშნა ადვოკატმა.
დღევანდელ სხდომას ირაკლი ოქრუაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება.