18 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
უხერხულობას მიქმნის სპეკულაციები და არასწორი ინტერპრეტირება - შს მინისტრის მოადგილე ბრალდებებს პასუხობს

"მე უხერხულობას მიქმნის სპეკულაციები და არასწორი ინტერპრეტირება ბრიფინგის,"- ასე უპასუხა შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა კითხვას იმის თაობაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეში გამომძიებლის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მაშინ, როდესაც მან სპეციალურ ბრიფინგზე სამართალდამცავთა მიერ დაკითხვისას ძალადობის ფაქტი კატეგორიულად უარყო.

ნინო ცაციაშვილმა ჟურნალისტებს მოუწოდა, უფრო დეტალურად და ყურადღებით გაეცნონ ბრიფინგს. 

"მე უხერხულობას მიქმნის სპეკულაციები და არასწორი ინტერპრეტირება ბრიფინგის. თქვენ შეგიძლიათ, კიდევ ერთხელ დეტალურად ნახოთ ჩემი ბრიფინგი და იქ იყო ხაზგასმა იმაზე, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გარემოება არ დასტურდება. იქვე იყო განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება მიმდინარეობდა ინსპექტორის სამსახურში და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემოდა ინსპექტორის მიერ. მე დავადასტურე ბრიფინგში კითხვაზე პასუხი, დავუდასტურე ის ფაქტი, რომ, რეალურად მოზარდი 3-4 წუთის განმავლობაში მოადგილეს ნამდვილად ჰყავდა გაყვანილი,"- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ნინო ცაციაშვილის თქმით, მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმ ფაქტებს ეყრდნობოდა, რომელიც, იმ ეტაპზე, მათ ხელთ იყო. 

"ჩვენ ეს ინფორმაცია გავაჟღერეთ იმ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რაც მაშინ გვქონდა და არა კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე, რაც შემდგომში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ იქნა მოძიებული კონკრეტული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად. ის, რომ დასაწყისში ინფორმაცია განსხვავდება იმისგან, რაც შემდგომში გამოძიების შედეგად შეიძლება გამოიკვეთოს, ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა იქიდან გამომდინარე, რომ სულ რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა ჩვენი მხრიდან ინფორმაციის გავრცელება. ამასთან, მტკიცებით ფორმატში რაიმე სახის განცხადება, ლოგიკურია, მას შემდეგ იქნება  გაჟღერებული, როცა სახელმწიფო სრულად გასცემს იმ კითხვებს პასუხს, რაც იყო საზოგადოებაში,"- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის გადადგომას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს. მიზეზი ნინო ცაციაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებია, როცა ის არასრულწლოვნის საქმეში სამართლამდაცავების მხრიდან გადაცდომებს გამორიცხავდა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა. 

დღის ამბები