18 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
იყო თუ არა მოზარდების პერსონალური ინფორმაციის მოპოვება კანონიერი - იურისტები "მწვანე სკოლის" დირექციის ქმედებას ეჭვქვეშ აყენებენ

დღეს დილიდან თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში საბადრაგო სამსახურის სრული მობილიზება იყო. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი, ექიმების ნებართვით სამედიცინო დაწესებულებიდან უნდა გაეწერათ და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაეყვანათ. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მარიანა ჩოლოიანის პალატიდან გაწერა გადაიდო, დღის მეორე ნახევარში, ბრალდებულს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა ადვოკატების თანდასწრებით, ბრალი ოფიციალურად პალატაში გააცნო. ჯვარედინი დაკითხვა და არასრულწლოვნების ერთმანეთთან დაპირისპირება, ეს ძირითადი გადაცდომებია, რომელსაც ჩოლოიანს ​ბრალდების მხარე ედავება.

რა საფრთხე არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მარიანა ჩოლოიანს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ შეეფარდება, ამაზე საქმის პროკურორმა განმარტება სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა, დაცვის მხარე კი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.

დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლე კერატიშვილმა გაითვალისწინა და მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლინიკაში უნდა გაიმართოს.

საპირისპირო არგუმენტები აქვთ 15 წლის მოზარდის ოჯახის ინტერესების დამცველებს, საიაში განმარტავენ, რომ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მარიანა ჩოლოიანის გარდა სხვა სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება. იურისტები ეჭვქვეშ აყენებენ "მწვანე სკოლის" დირექციის ქმედებასაც. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია გამოძიებამ დაადგინოს, იყო თუ არა კანონიერი სასწავლებლის მიერ არასრულწლოვანთა პერსონალური ინფორმაციის მოპოვება.

იყო თუ არა მოზარდების პერსონალური ინფორმაციის მოპოვება კანონიერი, ამას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უკვე სწავლობს. ლონდა თოლორაიას მოადგილე დღეს ამ საკითხის გასარკვევად "მწვანე სკოლაში" მივიდა.

გამოიკვეთება თუ არა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ამაზე ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მოწმის სტატუსით გამოკითხვები გრძელდება. მანამდე კი გამოძიებას მხოლოდ ერთი ბრალდებული, მარიანა ჩოლოიანი ჰყავს, რომელიც ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება და წარდგენილ ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

დღის ამბები