უკანონო ტყვეობის 41-ე დღე - ოპოზიცია ხელისუფლებას პასიურობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსეთი საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ იმყოფება და აქედან გამომდინარე შესაძლოა ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე დადებითად გადაწყდეს.
"სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა არ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას მსგავსი შემთხვევების დროს, თუნდაც იგივე გაფრინდაშვილის გატაცების შემთხვევაში გამოყენებული იყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. ვნახოთ, რუსეთი დიდ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ იმყოფება და არ არის გამორიცხული, რომ დადებითად გადაწყდეს," - აცხადებს რომან გოცირიძე.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ხელისუფლების განცხადებებს ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს.
"ჩვენი ხელისუფლების განცხადებები ხშირ შემთხვევაში არის საზიანო ჩვენი ნაციონალური ინტერესებისთვის და პირიქით, აქეზებს რუს ოკუპანტებს," - განაცხადა სერგო რატიანი.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ შექმნილი ურთულესი ვითარების გამო რადიკალური ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა ქართულ მხარეს არ აქვს, თუმცა თბილისი ყველა გზას იყენებს რათა ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.
"საუბარია არალეგიტიმურ სასამართლოზე და ოკუპაციის მსხვერპლზე ვაჟა გაფრინდაშვილზე, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, თუმცა საერთაშორისო პარტნიორებთან ჩვენი მუშაობა ჯერჯერობით სამწუხაროდ შედეგიანი არ არის, მაგრამ ვაგრძელებთ.
არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი წუთი არ უნდა გამოვტოვოთ და ყოველ წუთს უნდა ვილაპარაკოთ მის გათავისუფლებაზე ყველა საერთაშორისო ბერკეტის და მექანიზმის გამოყენებით," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე.