26 ივნისი 2024,   14:58
ვრცლად
შურისძიება თუ ბიზნეს საქმიანობის გამო დაწყებული კონფლიქტი - ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს

შურისძიება თუ ბიზნესს საქმიანობის გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელიც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. გამოძიება მუშაობს ორ ვერსიაზე იმის დასადგენად, თუ ვინ და რატომ დაჭრა ცოტნე გამსახურდია.

ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ვერაზე მომხდარი დანაშაული ზუსტად 10 წლის წინანდელ ფაქტს უკავშირდება. საუბარია 2009 წლის ინციდენტზე, როცა ცოტნე გამსახურდიამ დავით ბაჯელიძე დაჭრა. პირველი პრეზიდენტის შვილი კი ამ საქმის გამო დააკავეს.

გამსახურდიების ოჯახი გალის ქუჩის 19 ნომერში ცხოვრობს და სწორედ მათ მოპირდაპირედ ცხოვრობს დავით ბაჯელიძე, ვისთანაც ცოტნე გამსახურდია დაპირისპირებაში იმყოფებოდა.

"კურიერის" ინფორმაციით დავით ბაჯელიძე პოლიციის მხრიდან უკვე გამოკითხულია.

"ვითომ ბაჯელიძეო, ბაჯელიძე რა შუაშია? ბაჯელიძემ მოიხადა, რაც გამოვიდა, კარგად, მეგობრულად იყვნენ. არაფერი მსგავსი პრობლემა არ არის. რა შუაშია? ეს არის უბანი. უბნელი ამას არ იზამდა. ეს არის უცხო ვიღაცა პირი შემოსული," - აცხადებენ ადგილობრივები.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ცოტნე გამსახურდიას თავს დაესხა 2 მამაკაცი. მას უკნიდან მიეპარნენ და პირველი დაზიანება სწორედ თავის არეში მიაყენეს, შემდეგ კი ნაცემ ცოტნე გამსახურდიას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

ორივე მამაკაცი, რომლის ვინაობაც ამ დროისთვის უცნობია გალის ქუჩის გავლით, სადაც თავდასხმა მოხდა, ლარსის ქუჩის მიმართულებით გაიქცნენ.

დაახლოებით 19 საათისთვის, როდესაც დაჭრის ინციდენტი მოხდა, ყველა განათება იყო გათიშული, შესაბამისად მომხდარს ბევრი თვითმხილველი არ ჰყავს და დეტალებზე ადგილზე საუბარი უჭირთ.

ადგილზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერებიც, თუმცა ჩანაწერებში, რომლებიც გუშინ პოლიციამ ამოიღო, სავარაუდოდ, არც ერთი მამაკაცი არ ჩანს.

კიდევ ერთი ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს, ეს გახლავთ "პრიუს სერვისი", რომელიც ცოტნე გამსახურდიას ეკუთვნოდა. შიგნით განთავსებულია რამდენიმე განყოფილება და ის წლების განმავლობაში ამ ფართებს აქირავებდა. ერთ-ერთი ვერსიით დაპირისპირება სწორედ ბიზნეს პარტნიორობას უკავშირდება.

ვერსიის მიხედვით, ერთ-ერთი პირი, რომელიც ქირაობდა ფართს არ იხდიდა გადასახადს, რის გამოც ცოტნე გამსახურდიას მასთან დაპირისპირება მოუვიდა. ამ ვერსიას ადგილზე არავინ არ ადასტურებს.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ პირები, რომლებიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ, მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ მძიმედ რჩება. ექიმებმა მას 2 ოპერაცია ჩაუტარეს. ბოლო ოპერაცია, რომელიც ნეიროქირურგიული ოპერაცია იყო, გაგრძელდა თითქმის 8 საათის განმავლობაში. ექიმები თქმით, შესაძლოა მას კიდევ ერთი, მე-3 ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.

"კურიერის" ინფორმაციით ცოტნე გამსახურდიას 10-მდე დაზიანება აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილიდან ნივთ მტკიცების სახით ავტომობილიც არის ამოღებული, რომელიც პოლიციის განყოფილებაში არის გადაყვანილი.

შს სამინისტრო 19, 108 მუხლით მუშაობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დღის ამბები