თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ერეკლე კუხიანიძესთვის მანდატის ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
მისი თქმით, კანონი, რომლის საფუძველზეც ოპოზიცია ერეკლე კუხიანიძისთვის მანდატის ჩამორთმევას ითხოვს, არჩეულ საჯარო მოხელეს არ ეხება.
"იშველიებენ საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ვიცი რა მუხლებსაც იშველიებენ, ის ვრცელდება საჯარო მოხელეებზე და ამბობს, რომ საჯარო მოხელემ არ უნდა გააკეთოს ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ამის საფუძველზე შესაძლებელია, რომ უშუალოდ ხელმძღვანელმა პირმა ასეთი საჯარო მოხელე გაათავისუფლოს.
ამ შემთხვევაში, ერეკლე კუხიანიძე არის არჩეული პირი და, შესაბამისად, მასზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ეს ნაწილი არ ვრცელდება,"-განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ კუხიანიძეს თანამდებობას დაატოვებინებენ, ხოლო მანდატის ჩამორთმევა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში ხდება.
"ძალიან დიდი პატივს ვცემ, მაგრამ მისი განცხადებები და ქმედებები არის ჩემთვის პირადად მიუღებელი და, როგორც უკვე არაერთხელ გაჟღერდა, ჩვენი გუნდისთვისაც მიუღებელი. ზუსტად ამის გამო საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ვიმსჯელებთ მისი კომისიის თავმჯდომარეობის დატოვებასთან დაკავშირებით. მისი გადაყენება შეუძლებელია, თუ არ არის სისხლის სამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ. თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ სისხლის სამართლებრივ ნიშნებს შეიცავს მისი კონკრეტული ქმედება ბოლო 1 კვირის განმავლობაში, კიბატონო, ვიმსჯელოთ ამაზე,"- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატს ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობა დღეს ფრაქციიდან გარიცხავს და კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენებს. კენჭისყრამდე ცნობილია, რომ სახელისუფლებო გუნდი ერთიან პოზიციაზეა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართის დაწერილი შეურაცხმყოფელი პოსტების გამო მიიღო.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი