13 სექტემბერი 2026,   01:18
ვრცლად
26 წლის ახალგაზრდა ლაგოდეხის პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს და შიმშილობას იწყებს

ლაგოდეხის მცხოვრები ტატო შეითნიშვილი, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს შიმშილობას იწყებს. პროტესტის ამ ფორმით 26 წლის ახალგაზრდა ლაგოდეხის პოლიციას სამმართველოს თანამშრომლების დასჯას ითხოვს. ამის შესახებ, მან ადამიანის უფლებათა ცენტრის გურჯაანის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეითნიშვილი გაანმარტავს, რომ ლაგოდეხის პოლიციამ უფლებამოსილებას გადააჭარბა და ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მის ცემაში მონაწილე ყველა სამართალდამცველი კი ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება.

"მედავებოდნენ ვითომ არ დავემორჩილე, მაგრამ სინამდვილეში გაჩერებულ მანქანაში შემომიცვივდნენ და მცემეს. საბუთები არ მოუთხოვიათ, პირდაპირ აგრესიით მოვიდნენ. დღემდე ეს ადამიანები ისევ პოლიციაში მუშაობენ, როგორც ჩანს გამოძიება სათანადოდ არ მიმდინარეობს. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ არის დამაკმაყოფილებელი, თავი მტკივა, თვალი მაწუხებს. რაც ექსპერტიზაზე იმ მომენტში ვერ გამოჩნდა, ახლა ამტკივდა. დღეიდან შიმშილობას ვიწყებ, სანამ პოლიციელების პასუხისმგებლობა არ დადგება, მხოლოდ წყალს დავლევ,"-განაცხადა შეითნიშვილმა.

26 წლის ბიჭის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. არასამთავრობო ორგანიზაცია განხორციელებული ძალადობის დროულად გამოძიებასა და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვს.

პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტშიც.

ცნობისთვის, ტარიელ შეითნიშვილი პოლიციელებმა პირველ დეკემბერს ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები