ექიმები ცოტნე გამსახურდიას გადარჩენას ცდილობენ. რამდენიმე მძიმე ჭრილობის გამო პირველი პრეზიდენტის შვილს შესაძლოა მესამე ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. ის საავადმყოფოში უკვე მოინახულა პრეზიდენტმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
პარალელურად გრძელდება გამოძიება. პოლიცია დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს. საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს გამოკითხვები.
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე გუშინ მომხდარ დაჭრის ფაქტს იხსენებს. მისი განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას თავს მაშინ დაესხნენ, როგორც კი მან საცხოვრებელი სახლი დატოვა. ის ვარაუდობს, რომ ეს იყო წინასწარ მომზადებული თავდასხმა.
ცოტნე გამსახურდიას მეუღლის განცხადებით, პირველი პრეზიდენტის შვილი სასიკვდილოდ გაიმეტეს. მეუღლის თქმით, ცოტნე გამსახურდია ნაწამები არის, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა.
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე დღეს ვერის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე, დაახლოებით 19 საათზე ადვოკატის თანხლებით არის დაბარებული.
"ისეთი დაზიანებები აქვს მიღებული, ეს ადამიანის მოკვლა არ არის, ეს ადამიანის წამებაა, 4 ჭრილობა აქვს თავში.
ბევრნი იქნებოდნენ იმიტომ, რომ ორს და სამს ნამდვილად თვითონ გაუმკლავდებოდა. ჩასაფრებულები იყვნენ რა თქმა უნდა, ელოდებოდნენ იმიტომ, რომ გამოვიდა სახლიდან მშვიდად და პირდაპირ აქ დაესხნენ თავს, ჭიშკართან ეყარა ნივთები. სახლიდან გავიდა და თავს დაესხნენ მაშინ. გამოკითხვაზე ყველას გვკითხავენ აბსოლუტურად," - აცხადებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე.