26 ივნისი 2024,   15:01
ვრცლად
ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ადასტურებს, რომ თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა

"კურიერის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ცოტნე გამსახურდიას არა ერთი, არამედ რამდენიმე პირი დაესხა თავს, მისმა ადვოკატმაც დაადასტურა.

ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ბევრი საეჭვო გარემოება არსებობს. ადვოკატს აქვს კითხვის ნიშნები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, თუ რატომ იყო გალის ქუჩაზე გათიშული ქუჩის განათება.

ადვოკატი თავს იკავებს დეტალებზე და იმ ვერსიებზე საუბრისგან, რომლებიც საზოგადოებაში ვრცელდება, ვინაიდან ის შს სამინისტროს მიერ გამოძიების შუალედურ შედეგებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ელოდება, რომელიც უწყებას  დრომდე არ გაუვრცელებია.

"შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდანაც იკვეთება ის, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხუბი, ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტეს ამ შემთხვევაში ცოტნე. ფაქტია ერთი, რომ იქ იყო ორთაბრძოლა. იქ არის გარკვეული კვალი დარჩენილი და ამასთან დაკავშირებით მუშაობს საგამოძიებო ორგანო.

ვერსიები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ რეალურად სანამ არ გვექნება სათანადო მტკიცებულებები, ამ შემთხვევაში ვერც დაცვის მხარე, ვერ ოჯახი და ბუნებრივია ვერც სამართალდამცავი ორგანოები კონკრეტულ შეფასებებს ვერ გააკეთებენ.

მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ინტენსიურად გვაქვს კომუნიკაცია საგამოძიებო ორგანოებთან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არანაირი განსაკუთრებული პრობლემა არავისთან არ ჰქონდა," - აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი

"რუსთავი 2" ასევე გამსახურდიას იმ უფლებადამცველს დაუკავშირდა, რომელიც მის უფლებებს 2009 წელს იცავდა, როდესაც ცოტნე გამსახურდიას ბრალი დავით ბაჯელიძის საქმესთან დაკავშირებით წარუდგინეს.

ქეთი ბექაური გამორიცხავს, რომ გუშინ მომხდარი თავდასხმა 2009 წელს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, რადგანაც ბაჯელიძეს და გამსახურდია მეზობლები არიან და მათ ბოლო წლების განმავლობაში კარგი ურთიერთობა აქვთ.

"ბაჯელიძეს, ახლა რომ მახსენდება, არც ერთ ეტაპზე არ აქვს ცოტნეს საწინააღმდეგო ჩვენება მიცემული. რა შურისძიებაზეა საუბარი ცოტა არ მესმის. ერთად ცხოვრობდნენ, გვერდი-გვერდ, არანაირი კონფლიქტი აბსოლუტურად," - განაცხადა ადვოკატმა ქეთი ბექაურმა.

დღის ამბები