"კრემლის მიერ განხორციელებული პოლიტიკური სადიზმი"- ასე შეაფასა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.
სესიაშვილის განცხადებით, რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს მგრძნობიარე თემით ქართული საზოგადოება პროვოკაციასზე წამოაგოს.
"ცხინვალის ე.წ. სასამართლოს არანაირი სასჯელის დაწესება არ შეუძლია. ეს არის კრემლის მიერ განხორციელებული პოლიტიკური სადიზმი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თქვენ იცით, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ცივილიზებული სამყარო, ყველა მოუწოდებდა კრემლს, რომ არ დაეპატიმრებინა ვაჟა გაფრინდაშვილი.
ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ, იმდენად რამდენადაც, კრემლი ხედავს, რომ ეს თემა ძალიან მგრძნობიარეა ჩვენს საზოგადოებაში, ამიტომ ისინი მიდიან დესტრუქციაზე და ამ ყველაფერს ექნება ძალიან მკაცრი შეფასება," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საოკუპაციო რეჟიმი ქართველ ექიმს ე.წ საზღვრის დარღვევას ედავება, რომელსაც გაფრინდაშვილი არ აღიარებს.