მთავარი პროკურორობიდან პროტესტის შემდეგ წასული ირაკლი შოთაძე შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს.
ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ უზენაესის კვოტით დანიშნული მოსამართლის მაია კოპალეიშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი ადგილმონაცვლე სავარაუდოდ, ყოფილი პროკურორი იქნება. ამის შემდეგ, არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო სასამართლოს სწორედ ირაკლი შოთაძემ უხელმძღვანელოს.
"უზენაესი სასამართლო აპირებს ყოფილი მთავარი პროკურორი შოთაძე, რომელიც სამარცხვინოდ იყო ხალხის მიერ გადაყენებული სარალიძის ამბის მერე, უნდათ უკანა კარებიდან საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ მოსამართლედ გაამწესონ და შემდეგ უკვე თავმჯდომარედ. ეს ნიშნავს ივანიშვილის აბსოლუტურ უტიფრობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანი რესტავრაციას აკეთებს, ანუ ყველა დათმობა, რომელიც მოუწია ხალხის რისხვის გამო, ცდილობს, რომ განელდა ხალხის რისხვა და უკანა კარებიდან და საკვამურიდან ტენის,"-განაცხადა გიგი უგულავამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ირაკლი შოთაძის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ ეპარება.
"იგი გადადგა და მე არ ვფიქრობ, რომ მისი რომელიმე ნაბიჯი იყო უღირსი, ან არსებობს ისეთი საქმეები, რომელიც შოთაძეს შეიძლება წინ დაუდო და უთხრა, რომ ამ შემთხვევაში, არასწორად იმოქმედა. ხაზს ვუსვამ, რომ მისი კანდიდატურის განხილვაზე ინფორმაცია არ მაქვს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.