მოზარდებში სუიციდის პრევენციის მიზნით, საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში, მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გზებზე იმსჯელეს და აზარტული თამაშების რეგულირების მიზნით, საკანონმდებლო დონეზე გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აღნიშნავს, რომ საპატრიარქო კანონპროექტზე მუშაობდა, რომელიც აზარტული თამაშების შეზღუდვაზე იყო ორიენტირებული, მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები კანონპროექტის მიღებას ხელს შეუწყობს.
"ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ აზარტული თამაშების შეზღუდვა მოხდეს. საპატრიარქო მონაწილეობდა კანონპროექტის შექმნაში, იმედია მსგავსი შეხვედრები კანონპროექტის მიღებას შეუწყობს ხელს," - განაცხადა მეუფე შიომ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
"ჩვენმა კანონმდებლობამ უნდა დაიცვას ჩვენი შვილები ამ უბედურებისგან, მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია," - განაცხადა სოფო კილაძემ.