18 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
უცნობია გამოიკვეთება თუ არა 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე ჩოლოიანის გარდა სხვა ბრალდებული

ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე უკვე 100-მდე მოწმეა დაკითხული. გამომძიებელი ჩოლოიანი კი, საავადმყოფოდან დღეს ბადრაგის თანხლებით გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულება ბრალდებულმა გამომძიებელმა დღის მეორე ნახევარში დატოვა, მარიანა ჩოლოიანი ბადრაგმა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანა.

მანამდე კი ბრალდებულის თხოვნით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საავადმყოფოში ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების გასაჩივრებას აპირებენ მოზარდის საქმეზე დაკავებულის ადვოკატები.

განჩინება მათ დღეს ოფიციალურად ჩაიბარეს. საქმის მასალების გაცნობის პარალელურად, მარიანა ჩოლოიანის ინტერესების დამცველები კონკრეტულ გარემოებებზე ამახვილებენ ყურადღებას.

დაკავებული გამომძიებლის გარდა, სხვა სამართალდამცველების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ 15 წლის მოზარდის ინტერესების დამცველები. საიაში განმარტავენ, რომ აუცილებელია გამოძიებამ დროულად მოახდინოს იმ პირების იდენტიფიცირება რომლებიც, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაში მონაწილეობდნენ.

გამოიკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, დღეს მთელი დღის განმავლობაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მოწმის სახით ის პირები გამოიკითხებოდნენ, რომლებსაც შესაძლოა მომხდარზე რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდეთ. 

ძიების მიმდინარეობისას, 100-დე საგამოძიებო მოქმედება უკვე ჩატარდა. დანიშნულია ექსპერტიზებიც, საქმეში გამოკვეთილ ერთადერთ ბრალდებულს, მარიანა ჩოლოიანს კი წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა გუშინ სამედიცინო დაწესებულებაში შეეფარდა.

დღის ამბები