ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის თქმით, საქმის მასალებზე წვომისთვის, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ელოდებიან. ამირან გიგუაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს, რომ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეში კითხვის ნიშნები არ დარჩეს. ადვოკატი საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვს.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმაში ერთზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა:
"ცოტნე გამსახურდია არის ფიზიკურად ძლიერი ადამიანი, ექსტრემალურ სიტუაციებში გამოცდილი, ამიტომ ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ ადამიანს შეეძლო მისთვის ასეთი დაზიანებების მიყენება," - განაცხადა გიგუაშვილმა.
ცოტნე გამსახურდია ვერაზე საკუთარ სახლთან 19 დეკემბერს დაჭრეს, მას ბასრი საგნით რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენეს, რის გამოც ორი გადაუდებელი ოპერაციები დასჭირდა.
განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, ფაქტზე დაკავებულია 5 პირი.